ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა შეშინებული. ყველას აფრთხილებდნენ, რომ არ მოგვკარებოდა არავინ ახლოს. ახლობლების დახმარებით ოჯახმა გავთხარეთ საფლავი, - განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ.
"ოჯახიდან როცა მიცვალებული გავასვენეთ, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მიცვალებული იმდენად დაზიანებული და დაჭრილი იყო, სხეულიდან სდიოდა სისხლი, ამიტომ გვინდოდა ასფალტირებული გზით წაგვეყვანა, რომ არ გვეწვალებინა მიცვალებული, კიდევ უფრო არ დაზიანებულიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაისუბნიდან ზედა გზით წასვლა. მათ ეგონათ, რომ ჩვენ რაღაცას ვაპირებდით ისეთს. მოგვყვებოდა უამრავი მანქანა, რომლებიც წინ და უკან გადაგვიდგნენ. სავარაუდოდ ეგონათ, რომ რაღაც მანიპულირებას ვაკეთებდით, ან ქალაქისკენ მიგვყავდა მიცვალებული. როცა შევუხვიეთ ჩვენს გზაზე, სასაფლაოსკენ, მანქანები ჩამოგვშორდნენ, თუმცა ყველა ჩვენს ახლობელს ურეკავდნენ და ურჩევდნენ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა. ახლობლების დახმარებით, ოჯახმა გავთხარეთ საფლავი"- განაცხადა ციცინო შავაძემ.
თეა წულუკიანის კითხვას, თუ ვინ აფრთხილებდა ტელეფონით ხალხს, ციცინო შავაძემ უპასუხა - რა თქმა უნდა იმ დროინდელი მთავრობა, აბა მეტი ვის უნდა გაეკეთებინა.
"რეკავდა უნომრო ტელეფონის ნომრები და ყველას ეუბნებოდნნე, რომ მოგვცილდნენ და ახლოს არ გაგვკარებოდნენ"- განაცხადა ციცინო შავაძემ.
ციცინო შავაძე იხსენებს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ.
„შემდეგ იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს. ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. გვაშინებდნენ, მოდიოდა იარაღიანი ხალხი პირდაპირ, ისროდნენ ჰაერში. ვისთვის მიგვემართა, უკვე აღარ ვიცოდით. მაშინ დავურეკეთ ბატონ სოზარს. ისიც კი შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის ბასეინსაც მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველა ერთად.
ბატონი სოზარიც ჩამობრძანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ამისთვის, არასდროს დამავიწყდება თქვენი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობრძანებული ჩემს ოჯახში“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
მისი განმარტებით, სახალხო დამცველის თანამშრომლები მასთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.