ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში - პრემიერი

23 ივლისი 2025, 21:07 182 ნახვა

ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში".

მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე.

„უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება.

კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში