გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს და თვალებში ჩამხედოს, მას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელი? - თამაზ მოლაშვილი

16 აპრილი 2025, 11:07 277 ნახვა

რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს, იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელი?, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

თამაზ მოლაშვილის თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგად განმარტება, ვინ რა და რატომ დააშავა.

„ახლა რაც ხდება, ხუთი, ათი წლის შემდეგ ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან, არა? მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება, ვინ რა, რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ ხუთი, ათი, 20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად, გადაიხედავს უკან, ნახავს, თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც იმას გააკეთებს. ხოლო თუ ნახა, რომ პასუხი აგებინეს, ვეღარ გაბედავს მაგას“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი იხსენებს, რომ სულხან მოლაშვილის ციხეში წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იტყობდა ხოლმე, როცა მოლაშვილის თქმით, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა.

„ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან, რომლებიც სულხანს ეხვეწებოდნენ, წავიდეთ, თავი დავანებოთ აქაურობასო. ისინი ჩამოვიდნენ და ახლა ძალიან კარგად არიან, გნებავთ ლევან მამალაძე და გნებავთ გიგლა ბარამიძე. მერე იმათი ოჯახები ააწიოკეს. [სულხანმა თქვა] რომ არ ააწიოკონ ჩემი ოჯახიო, პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა. უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო. რაც იქ მივიდა, იმის შემდეგ ჩვენ სულხანი ვეღარ ვნახეთ. სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი თვე რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედაც რომ უნდა მიეცათ და თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან მე თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, რადგან ის სამი თვე დამიმთავრდაო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მიეცა, რომ კარგად დამეძინოსო. სულხანს ეძინა, პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ [გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა]. სულხანს საკანში ეძინა, [პროკურორი და მოსამართლე] დადგნენ საკნის წინ და გამოუცხადეს.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით? ბრწყინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი], მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია.

ყოველთვის ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელ-ნელა რაღაცას უშხაპუნებდნენ. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა“- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი