ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად, ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება - ირაკლი ღარიბაშვილი

25 აპრილი 2025, 12:05 190 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკისდან წასვლის შესახებ მისი განცხადება მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს დაასრულებს.

„მე გითხარით, რომ პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, მისი გუნდის ერთგული მხარდამჭერი და ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან. წინასწარ, რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება. შეიძლება, აღარ მომიწიოს, შეიძლება, მომიწიოს, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, მივყვეთ ცხოვრებას და ყველას გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით შესაძლო დაბრუნებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ეს არის სპეკულაცია.

„ვის უნდა დავუპირისპირდე? მსგავსი არაფერი განიხილება. ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ის საქართველოში რჩება და არსად წასვლას არ განიხილავს.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, არც ერთ ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა, მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად და რომელ თანამდებობაზე იქნება. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი