ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძისა და ალეკო ცქიტიშვილის ბინებში ჩხრეკა ტარდება

29 აპრილი 2025, 10:13 179 ნახვა

ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძისა და ალეკო ცქიტიშვილის ბინებში ჩხრეკა ტარდება. ტელეწამყვანისა და სამოქალაქო აქტივისიტის საცხოვრებელ ბინებში პროკურატურის თანამშრომლები დილით ადრე ერთდროულად მივიდნენ. ჟორჟოლიანმაც და ბაჯელიძემაც პროკურატურის თანამშრომლების გამოჩენის დროს მობილური ტელეფონებით „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში გასვლა შეძლეს, თუმცა მათი ჩართვები მოულოდნელად გაითიშა.

როგორც მარიამ ბაჯელიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით. „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, დააყადაღეს მათი ფონდების და ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. მათ სწორედ აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

ასევე ცოტა ხნის წინ ჩხრეკა დაიწყო  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში. პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება. მანამდე იგი სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი