აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

02 მაისი 2025, 11:51 113 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2 პროცენტი).

 

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.3 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3 პროცენტი) “, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტის  ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. მათივე განმარტებით, ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასადა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში