ბათუმის ბულვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:
"საპლაჟო ინფრასტრუქტურის განახლება: სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს მოდერნიზებული გასახდელების, საშხაპეებისა და ზღვაზე ჩასასვლელი ხის ბილიკების მოწყობა.
სავარჯიშო სივრცეების რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მოწყობა: პროექტის ფარგლებში, ძველ და ახალ ბულვარში დაგეგმილია სავარჯიშო მოედნების კეთილმოწყობა თანამედროვე პროფესიონალური სპორტული ინვენტარით. არდაგანის ტბის მიმდებარედ დაგეგმილია კალათბურთის მოედნის მოწყობა. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო ინვენტარი და დაიგება კაუჩუკის საფარი.
ახალი რეკრეაციული სივრცეების დამატება: ახალ ბულვარში „აკვა-პარკი“-ს მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს 3 000 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის გამწვანებას, სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე-მცენარეების დარგვას, დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობას, ვიზიტორთა მოსასვენებელ ზონებს, სადაც განთავსდება თანამდროვე საბაღე ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელი საყვავილე პორტატული ქოთნები და საჩრდილობლები.
სასეირნო ბილიკების რეაბილიტაცია: პროექტის ფარგლებში, განხორციელდება დემეტრე თავდადებულის ქუჩების გასწვრივ 2750 კვ.მეტრზე ახალი ფილებითა და ბორდიურებით ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სანათების სისტემის გაუმჯობესება: ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
ბულვარში არსებული ქანდაკებებისა და საბაღე ინვენტარის განახლება.
ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარი სრულ მზადყოფნაში იქნება, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უმასპინძლოს ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს,"- განმარტავენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.