მთავრობის ინიციატივით, დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. სავარაუდოდ დღესვე, კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის გავა.
პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება. ცვლილებათა პაკეტს სავარაუდოდ დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
დღესვე დეპუტატები კენჭს უყრიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს. სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის ახალი, უცხოელის ქვეყნიდან გაძევების და გარკვეული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მუხლი ემატება. ასევე იზრდება ჯარიმები უცხო ქვეყნის იმ მოქალქეებისთვის, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.