მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის განხორციელებას, ასევე მოახდენს ეფექტიანობის შემოწმებას ყველა აღმასრულებელ სტრუქტურაში - ლევან ჟორჟოლიანი

13 მაისი 2025, 17:34 142 ნახვა

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის განხორციელებას, ასევე მოახდენს ეფექტიანობის შემოწმებას ყველა აღმასრულებელ სტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნას, რომელიც კანონის დონეზე დაფუძნდა.

"დეპარტამენტის მიზანია, ამაღლდეს მთავრობის ეფექტიანობა. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მან დაისახა კორუფციასთან ბრძოლა და სამთავრობო ეფექტიანობის მაქსიმალური ზრდა. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდნენ უწყებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ და ერთ-ერთი იქნება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შიდა აუდიტის ბაზაზე შეიქმნება. აღნიშნული დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის განხორციელებას, ასევე მოახდენს ეფექტიანობის შემოწმებას ყველა აღმასრულებელ სტრუქტურაში, ეს ეხებათ როგორც სამინისტროებს, სიპებს, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საწარმოებს. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და სულ მალე საზოგადოებაც შედეგებს იხილავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ეფექტიანად იხარჯებოდეს სახელმწიფოს სახსრები, ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საქართველოს ბიუჯეტი ნომერ პირველი არის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებით. გვინდა, რომ მათ შორის აღნიშნულის ხარჯვაც, პროექტის მომზადება, პროექტის განხორციელება და რეალურ დროში აუდიტიც კი, შესაძლებელი იყოს სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მეშვეობით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი