საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბრალდება ჯგუფურად განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გადაკვალიფიცირდა რამდენიმე ბრალდებულთან მიმართებაში რის გამოც გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად იმავე წლის 9 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე, იმავე კონფლიქტის დროს, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს გარდაცვლილის თანმხლებ არასრულწლოვანებზე.
მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც საბოლოო სასჯელად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, სადაც იგი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში გამტყუნდა და სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.