სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა - ირაკლი რუხაძე

21 მაისი 2025, 11:09 112 ნახვა

საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„სანამ თავისუფალი სიტყვა არსებობს, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა იმას და ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა - რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც მოხდა 26 მაისს და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე. სრული კონტროლი მედიაზე რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებდა“, - განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ „იმედის“ დარბევის შესახებ ისაუბრა.

„გამოგვყარეს „იმედიდან“, მე მიჭერდნენ. ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან ამ დროს, რადგან სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დამიჭერდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეს, მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდეც. ხანდახან ღამის დაკითხვებზე რომ დავყავდი ხოლმე, მეგონა მტოვებდნენ. ვერ გაბედეს მაინც დატოვება [დაჭერა], რადგან ამერიკის საელჩო ძალიან გვედგა გვერდით. ყველა დაკითხვის შემდეგ, როდესაც [დაკითხვიდან] გამოვდიოდი, საელჩოში მივდიოდი და ვწერდი განცხადებას.

ამერიკელი პარტნიორები მყავდა და ისინიც საქართველოში იყვნენ. დაკითხვებზე ყოველდღე დავყავდი ისე, როგორც სამსახურში. აეროპორტში თუ მივდიოდი, მიჭერდნენ და დაკითხვაზე მივყავდი. იმდენად ცინიკური იყო ეს ყველაფერი, რომ რაღაც მომენტში რომ გამოელიათ კითხვები, ბადრის მეგობარი იყო ერთი გოგი ჯაოშვილი და იმის სახლი გაჩხრიკეს, ძველი გაზეთები ამოიღეს და დამიდებდნენ 60-70-იანი წლების „კომუნისტს“ და მეკითხებოდნენ ამა, თუ იმ სტატიასა და ფოტოზე რას ფიქრობო.

დავიქირავეთ ინგლისის ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში ცხოვრობდა იმ დროს, ჩვენს გვერდით იყო. დავიქირავეთ ამერიკაში ლობისტები, „ნიუსკორპიც“ გვეხმარებოდა. ეს ხდებოდა სანამ ბადრი [პატარკაციშვილი] გარდაიცვლებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ფულიც გადაგვიკეტა სააკაშვილის მთავრობამ“, - აღნიშნა რუხაძემ. 

ირაკლი რუხაძის თქმით, „იმედის“ დარბევისას ფოტომასალა ძირითადად მაშინდელმა ამერიკელმა გენერალურმა დირექტორმა გადაიღო, რომელსაც ტელეფონის წართმევა მხოლოდ იმიტომ ვერ გაუბედეს, რომ ამერიკელი იყო.

„ამერიკელი გენერალური დირექტორი გვყავდა მაშინ [„იმედის“ დარბევის დროს]. „ნიუსკორპთან“ გვქონდა პარტნიორობა, მერდოკის კომპანიასთან, რომელიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარა „იმედის“ დაბრუნებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ეტყობა ამ კაცს [დირექტორს] ვერ გაუბედეს ტელეფონის წართმევა, რადგან ამერიკელი იყო, იმ ლოგიკით, რომ ქართველი შეიძლება დაჩაგრო და ამერიკელი - არა. დანარჩენებს ყველას დაულეწეს ტელეფონები, წაართვეს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. ჩუმად იღებდა, მაგრამ ამ ფოტოებს შემდეგ მტკიცებულებებად ვიყენებდით, როდესაც საქართველოს მთავრობას ვუჩიოდით სხვადასხვა სასამართლოში“, - აღნიშნა რუხაძემ.

მისივე განცხადებით, "იმედში" როცა შევიდნენ, დააფიქსირეს, რომ შენობაში იდგა აპარატურა, რომელიც სხვა ტელეარხებს ეკუთვნოდა.

„როცა მოხდა ჩვენი იქ შესვლა. რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - აღმოჩნდა, რომ აპარატურა დგას ადგილზე. ნანახი გვაქვს დამსხვრეული და დამტვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას. მე მაინც და მაინც თავშეკავებით არ გამოვირჩეოდი, მოვატრიალე ერთ-ერთი ეს აპარატურა, ეს რა არის, რა დგას მეთქი და უკან ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“. შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ანუ იქიდან მოხსნეს აპარატურა, მოიტანეს აქ, დადგეს და რომ არ არეოდათ, სტიკერები დააკრეს უკან, საიდან ჰქონდათ მოტანილი. არც „რუსთავი 2“ იყო კერძო კომპანია, წარმოიდგინეთ, კერძო კომპანიაში მოგადგნენ და წაიღონ შენი აპარატურა სადღაც, რომ ვიღაცას აჩვენონ. თქვენ რომ მოხვიდეთ „იმედში“, „ქართული ოცნება“ და გვითხრათ, მოდი, ახლა შენი აპარატურა წავიღოთ და სადღაც უნდა დავდგათ, რომ გეტყვით, სად უნდა წაიღოთ და დადგათ? ასეთი ქვეყანა იყო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან აღნიშნა, რომ იმ დროს ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი მედია არ არსებობდა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი