ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ ნარჩუნდება - ნათია თურნავა

04 ივნისი 2025, 13:07 253 ნახვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც იმედს აჩენს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობების პირობებში, ქვეყნის საფინანსო სისტემა სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება.

„ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების დონის სტაბილურობას. 2023 წლის შემდეგ, ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ 3%-იანი მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. 2023-2024 წლების საშუალო ინფლაციამ 1.8% შეადგინა. მაისის მდგომარეობით 3.5% შეადგინა, რაც ასევე ჩვენს პროგნოზს შეესაბამება და ახლოსაა მიზნობრივ დონესთან. სავალუტო ფონდის პროგნოზიცაა, რომ წელს გარკვეულწილად 3.4%-ის დონეზე დარჩება საშუალოდ და 2026 წელს უფრო დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს. მთლიანობაში, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ნარჩუნდება ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მეორე ამოცანა, რომელიც ეროვნული ბანკის წინაშე დგას, არის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა.

„ამ თვალსაზრისითაც შეფასება დადებითია, თუმცა იმის გათვითცნობიერებაც, რომ სამუშაოა სხვადასხვა მიმართულებით, რომ შენარჩუნდეს ასეთი ჯანსაღი მდგომარეობა საფინანსო სექტორში. საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც იმედს გვაძლევს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობების პირობებში, სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაში არის აღნიშნული ჩვენი ძალისხმევა ლარიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის განეიტრალებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში