ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

04 ივნისი 2025, 14:20 237 ნახვა

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზს ავრცელებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას“, - ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში