მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.
მომლოცველები ცენტრალურმა მეჩეთმა ვერც წელს დაიტია და დიდმა ნაწილმა ლოცვა გარეთ ქვაფენილზე შეასრულა.
მუსლიმ მრევლს დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ლოცვა შესრულდა ბათუმში სახელდახელოდ მოწყობილი ახალი მეჩეთის ტერიტორიაზეც, იქ სადაც მრევლის ნაწილი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას წლებია უშედეგოდ ითხოვს.
მუსლიმები ყურბან ბაირამს მარხვის დასრულებიდან 70 დღის შემდეგ მსხვერპლშეწირვით აღნიშნავენ. ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.