სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ახალ გარემოებებზე ისაუბრა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში თემურ ქათამაძის საქმეზე გამოჩნდა ახალი გარემოებები, რომელიც ზრდის მისი თურქეთში პოლიტიკური დევნის რისკებს, არც სასამართლოს და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ეს ფაქტები მხედველობაში არ მიუღია.
სამართლიაონობის ცენტრში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ოფიციალური დოკუმენტების ასლები, რომლის თანახმადაც, თემურ ქათამაძეს, მისი საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, თურქეთში დაპატიმრება ელოდება. მათივე ინფორმაციით, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ თემურ ქათამაძე დაკავშირებულია ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან „FETO“-თან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას ქათამაძის დაჩქარებული გაძევება ქვეყნიდან.