ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეთანხმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, მირიანა სიზმაროვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო სერბეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრა სოფრონიევიჩი.
„საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელს ხდის სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას. ავიაკომპანია Air Serbia-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით.
შეხვედრაზე, რომელშიც საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაკომპანია Air Serbia-ს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს და გამოხატეს მზაობა კომპეტენციის შესაბამისად განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ახალი ავიამიმართულების ინტენსიურად ათვისების კუთხით“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.