შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.