ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზეც დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვაა დაგეგმილი.
პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეში პროკურატურის მიერ დაზარალებულად არის ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე, იგი სხდომაზე 8 მაისს გამოიკითხა.
დღესვე სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზეც გაიმართება სასამართლო პროცესი. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.