საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართელოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი, ჩაფხუტში დამალული, 476,784 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონო შეძენას ცდილობდნენ.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულები ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.