თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომას ნიკა გვარამია არ ესწრებოდა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა.
ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან საკუთარი ფეხით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.