რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

17 ივნისი 2025, 11:31 107 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

"გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დღესვე ფიცი დადეს ასევე, ბათუმში მეათე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზერვისტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიებას მოქმედი რეზერვისტებიც დაესწრნენ და სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ოთხწლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ"- განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში