მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირის ყველა რეკომენდაცია - ბრიტანეთის საელჩო

18 ივნისი 2025, 10:19 132 ნახვა

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში.

„კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში. საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში