საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3-პროცენტიან, მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. 2025 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.0 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს, მაისში 2.2 პროცენტი შეადგინა.
"მთლიანობაში, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ძირითადად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციის ასახვაა. მეორე მხრივ, სურსათის გაზრდილ ინფლაციას, იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია აბალანსებს, მეტწილად წლიურად შემცირებული საწვავის ფასების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, საბაზო ეფექტისა და გლობალურად არსებული ტენდენციების შედეგად, 2025 წელს ინფლაცია დროებით მიზნობრივზე მაღალი, საშუალოდ 3.8 პროცენტი, იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.
სტაბილურ ინფლაციასთან ერთად კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდთან ნელი ტემპით დაახლოების ნიშნებს ავლენს. ამის თანაზომიერად, საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპიც მის წონასწორულ დონეს მეტად დაუახლოვდა"- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.