ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად, მეორედ ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოასამართლე მარიანა ფომაევამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
შეგახსნებთ, რომ მზია ამაღლობელმა 11 იანვარს აჭარის სამმართველოს შენობის კედელზე სტიკერი გააკრა. მედიამენეჯერს ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების შეურაცხყოფასაც ედავებოდა, რაზეც სასამართლომ მანამდე 2000 ლარით დააჯარიმა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ საქმის არსებითი განხილვა კი 23 ივნისს არის ჩანიშნული.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.