შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ყველა მსგავს მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში - პრემიერი

25 ივნისი 2025, 15:00 77 ნახვა

არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა, ამ მანკიერ პრაქტიკას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება სრულად უნდა იყოს თავსებადი გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.

„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

„გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე, ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა ფაქტი დარჩა ფაქტად და, სამწუხაროდ, არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის საზოგადოების წინაშე პასუხი არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება და, რეალურად, კანონპროექტში ასახული ყველა ის ცვლილება, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში