„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე პოლიციის ვაკის განყოფილებაში დააკავეს. თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს საკუთარ სახლთან პოლიციაში მისვლამდე განუცხადა, არ გამორიცხავს, მისი დაკავება რუსეთის დაკვეთა იყოს.
„ახლა გადავალ ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. მიფიქრია, საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა ამის გამო შექმნილი სიტუაციისგან თავის არიდება არ ვარგა. ვნახეთ, თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ. წინა შემთხვევებში მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები, მაგრამ უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს და მაგის შიშით რაღაცების არგაკეთება, არ გამოვა. სოზარ სუბარს ჰქონდა თავის დროზე რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი. საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემაზე. მგონია, ჩემი დაკავება რუსეთის დაკვეთაა, მაქვს უფლება, ასე მეგონოს. ჰააგის სასამართლოში ჩემი ჩვენების საფუძველზეა ხუთი ორდერი გაცემული, ის ხალხი ჯერ არ დაუკავებიათ, მათ არეალში უნდა მოხვდნენ რომ დააკავონ, ოღონდ ამასობაში ბორისოვი და ჩოჩიევი უფლის არეალში მოექცნენ, სული ამოხდათ. ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა პირიქით, აქეთ გვაწვებიან იგივე ადამიანები“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა.