ჩვენს პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება - პრემიერი

27 ივნისი 2025, 13:57 117 ნახვა

წარმატებით გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფუნქციონირება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად მთლიანად ჩვენს მოსახლეობას და ამ პროგრამის შედეგები არის შთამბეჭდავი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი წლით გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ერთ-ერთი მთავარი, რამაც ეს შედეგი მოიტანა, არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამები.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე, აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან 1 422 პაციენტს უმკურნალეს, განხორციელდა ნდობის აღდგენის 51 ჰუმანიტარული პროექტი, ქართულ-აფხაზური, ერთობლივი 16 ბიზნეს ინიციატივა. მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივები სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, განხორციელდა  ნდობის აღდგენის 51 ჰუმანიტარული პროექტი; ქართულ-აფხაზური ერთობლივი 16  ბიზნესინიციატივა; ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია, დაიწყო 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა, 50 ამბულატორიაში კი განახლდა აპარატურა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 450 ლარი, 76-დან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, 2024 წელს 2022 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებით.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში