49 მილიონ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება, 470 პროექტი დაფინანსდა, ჩატარდა 194 კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 ძეგლის რეაბილიტაცია - პრემიერი

27 ივნისი 2025, 14:04 112 ნახვა

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჭიროა ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზე გრძელდება აქტიური მუშაობა.

„კულტურის სფეროში თითქმის გაორმაგდა კულტურის ბიუჯეტი. 27 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, 100 პროექტი განხორციელდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ფუნდამენტურად გადაიხედოს ხედვა კულტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს, თეატრის აღორძინება. ჩვენ გვახსოვს, ათწლეულების მანძილზე როგორი იყო ვითარება ამ სფეროებში, კულტურის სხვადასხვა დარგში. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ზოგადად, მაინცდამაინც დადებითი განვითარების ეტაპი არ უდგას მსოფლიო მასშტაბით კულტურის სხვადასხვა დარგს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ. გვჭირდება ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზეც გრძელდება აქტიური მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, გელათში აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან დაიცავს.

„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს, როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში