განახლებული „ციცინათელას“ პარკი გაიხსნა

28 ივნისი 2025, 21:35 70 ნახვა

პროექტ Starring Georgia-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ „ციცინათელაში“ განახლდა როგორც ტექნიკური ნაწილი, ასევე შეიცვალა პარკის კონცეფცია.

„სთარინგ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამიერიდან საქართველოს ყველაზე ჯადოსნურ გასართობ პარკში მისული ბავშვები ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ და თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ.

„პარკში სრულად განახლდა და შეიღება გარე და შიდა ფასადები; განახლდა შემოსასვლელები და სალაროები; შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, შეიღება ატრაქციონების ჯებირები; განახლდა და ტენტით დაიხურა მოსაცდელი ზონები; განახლდა ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; სრულად აღდგა დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად განახლდა კვების ობიექტები; კარტინგების ზონას დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები; პარკში დაირგო ახალი მცენარეები, რომლებმაც უფრო დიდი და მასშტაბური გამწვანება შექმნეს; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს; განახლდა ლამპიონები; აშენდა ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონები; განახლდა ნაგვის ურნები; დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები; გამკაცრდა პარკის უსაფრთხოების ზომები“, – ნათქვამია „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სთარინგ ჯორჯიას“ მენეჯერის, ციცი იაშვილის თქმით, პროექტზე მაქსიმალურად დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

„განსაკუთრებით მიხარია, რომ გამოჩნდნენ ახალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც, საკუთარი ხელით, საოცრად მოხატეს ჩვენი პარკი. გარემო, რომელიც მათ შექმნეს, უნიკალურია და სხვაგან ვერსად შეგხვდებათ. სწორედ ადგილობრივი კადრებით დავაკომპლექტეთ ციცინათელას გუნდიც, რომელმაც სპეციალური გადამზადება გაიარა. მუშაობის პროცესში ვცდილობდით, გადაგვერჩინა და გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოგვეძებნა არსებული ნივთებისა თუ მასალებისთვის“, – განაცხადა ციცი იაშვილმა.

„სთარინგ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი პარკით სარგებლობის წესები. მაგალითად, მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ოთხფეხა მეგობარს, რომელიც შვიდ კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები; ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდებული გარკვეული ატრაქციონები – თითოეულ ატრაქციონთან სტუმრებს დახვდებათ აბრა, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული აკრძალვები და შეზღუდვები. ამ ინფორმაციის გაცნობა და მისი გათვალისწინება აუცილებელია.

„ციცინათელას“ პარკს 14.5 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს და 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პარკში აქამდე არასდროს ჩატარებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში