განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

30 ივნისი 2025, 17:01 117 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა გივი მიქანაძემ დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

გივი მიქანაძის თქმით, ყველა ის რეფორმა გაგრძელდება, რომელიც მისი წინამორბედის დროს განათლების სისტემაში დაიწყო.

„მინდა, ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო. ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეა და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული, რომ რეფორმები დაჩქარდეს და ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით. შესაბამისად, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო, დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, - განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. გივი მიქანაძემ მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი