გიორგი გახარია ჩორჩანასთან დაკავშირებით ახალი კომისიის შექმნას ითხოვს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ახალი კომისია არ შეიქმნება და ფაქტები უკვე შექმნილი კომისიის ფარგლებში დადგინდება

02 ივლისი 2025, 17:58 176 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ითხოვს, შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანას ტერიტორიაზე.

როგორც გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, გასარკვევია, რატომ შეფერხდა შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი საგუშაგოს გახსნას.

გიორგი გახარიას განმარტებით, ერთი საგუშაგო გაკეთდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა პრემიერად დანიშვნის შემდეგ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და ამან გამოიწვია პირველი სერიოზული კონფლიქტი მასა და მაშინდელ სუს-ის ხელმძღვანელობას შორის.

„რაც შეეხება ამ საგუშაგოს, რეალურად, ამ გეგმით იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. კარგად გახსოვთ, რომ პირველი საგუშაგო იქ გაკეთდა აგვისტოში, 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად იმ კოორდინატებზე ის საგუშაგოები, რომლებიც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები.

 

მე გეუბნებით, მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულებისა, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა, თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა, მაშინ, როდესაც ეს ყველა წერტილი, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით, ეს ყველა წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები. რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და სხვათა შორის, მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს, მე არ ვიცი, ტაბატაძე რამდენად არის საქმის კურსში, ეს იყო პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და მაშინ სუს-ის ხელმძღვანელობას შორის, რადგან ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და იქ რუსული დროშების მაგივრად, დღეს ქართული დროშები უნდა ყოფილიყო, ეს იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სუს-ის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის სრულად განხორციელების პირობებში, იმას, რასაც თქვენ ამბობთ, საერთოდ საკითხი არ იქნებოდა.

 

მოგიწოდებთ, რომ შექმნათ კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანას ტერიტორიაზე. რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს საზღვარი, დღეს არის რუსების მიერ ჩადგმული რამდენიმე საგუშაგო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპასუხოდ, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალი კომისია არ შეიქმნება.

„ჩვენ ახალ კომისიას, რა თქმა უნდა, არ შევქმნით და ამ კომისიის ფარგლებში დავადგენთ იმ ფაქტებს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. სასაცილო ამბავს ვისმენ. ესეიგი, თურმე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე, რომ ეგონა, ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ ექვსი საგუშაგოს ჩადგმას, ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მას, ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი, აქვს პრეტენზია, ვინმე სხვასთან, თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა, თუ კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა, ეს რატომ არ გააგრძელა.

„თქვენდამი დაქვემდებარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის საშუალება არ მოგცათ?“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებდი. მინისტრმა საშუალება არ მომცა, არ მითქვამს. მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა, ორი კვირა. გამბედაობა არ ეყოთ, საქმე მიეყვანათ ბოლომდე, ეტყობა, „დიფ სთეითიდან “ დაურეკეს“, – განაცხადა საპასუხოდ გიორგი გახარიამ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში