ორსაათზე მეტხანს პასუხობდა ყოფილი შსს მინისტრი გიორგი გახარია ჩორჩანის ეპიზოდზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს.
ვისთან იყო ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობა შეთანხმებული და რატომ დატოვა ქვეყანა გიორგი გახარიამ მაშინ, როცა როგორც კომისიაზე ითქვა წინასწარ იცოდა რომ ამ საკითხზე მას განმეორებით იბარებდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია?
ვიდრე ყოფილი შსს-მინისტრი და პრემიერი კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდა, იყო კამათი, ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის ტყუილში დადანაშაულებაც.
გახარიას თქმით, გეგმის შექმნაზე სუს-იც მუშაობდა და შსს-ც. თქვა რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შსს-ს შენობაშივე გააცნეს ყველა ინფორმაცია, მათ შორის კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობაც.
იგივე კოორდინატები კი როგორც ირწმუნება გაუზიარა მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს. გახარიამ მოუწოდა წულუკიანს, რომ შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს გამოიძიებს, რადგან მისი თქმით, იმ საგუშაგოებზე ქართული დროშების ნაცვლად რუსული დროშები ფრიალებს ,რაშიც კონკრეტული უწყებები დაადანაშაულა.