პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

03 ივლისი 2025, 16:42 118 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, გ.მ.-მ პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში