საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი ბანაკის გახსნას. მსურს, ჩემი უდიდესი პატივისცემა დავადასტურო თითოეული სტუდენტის მიმართ, რადგან თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. დარწმუნებული ვარ, ის დღეები, რომლებსაც აქ გაატარებთ დასამახსოვრებელი იქნება არა მხოლოდ იმით, რომ თანატოლები გაიცანით და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ, არამედ იმითაც, რომ ერთმანეთს გარკვეულ ხედვებს გაუზიარებთ და არაფორმალურ გარემოში აქტუალურ საკითხებზე საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობა გექნებათ.
უახლოეს მომავალში რაჭაში, შაორშიც გაიხსნება ასეთივე საინტერესო ბანაკი, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა თქვენს თანატოლებსა და მეგობრებს ექნებათ. მე, როგორც ახლად დანიშნულმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია . ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში არაერთი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას ვგეგმავთ", - განაცხადა მინისტრმა.
სამინისტროს ცნობით, 2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს. პირველი ნაკადის ფარგლებში, ბანაკს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბანაკის მიზანი ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.