საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Etihad Airways-ი იწყებს

18 ივლისი 2025, 11:28 122 ნახვა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ამჟამად, აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.

ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის (მე-4 ადგილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცი „SKYTRAX“-ის 2025 წლის მონაცემებით), Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი