გიორგი ბაჩიაშვილი და ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებული სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და უგრძელდებათ მკურნალობა სტაციონარის პირობებში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.
მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მინდა, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მსჯავრდებულ გ.ბ.სა და მის თანამესაკნეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ. მიმდინარე წლის 11 ივლისს ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ორივე მსჯავრდებულმა. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც გ.ბ.ს შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი სტაციონირებაც და იგი მოთავსებულ იქნა პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში. არსებული დაზიანებისა და აღმოცენებული კლინიკური სიმპტომების შესაბამისად, მას დღემდე უტარდება შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები და საჭირო მკურნალობა. ამ ეტაპზე ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უგრძელდებათ მკურნალობა სტაციონარის პირობებში“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.