დიდ ბრიტანეთში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე აჭარა წარსდგა, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები Global Birdfair 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წარადგინა. გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში განვითარებული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, რეგიონში მიგრირებადი მტაცებელი ფრინველებისა და სახეობების შესახებ.
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და მიგრირებადი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების სიმრავლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მხოლოდ საშემოდგომო მიგრირების დროს ბათუმის კორიდორში 2 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.
ბრიტანეთის გამოფენა Global Birdfair 2025 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ორნითოლოგები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები იკრიბებიან, ეცნობიან რეგიონისთვის დამახასიათებელ ენდემური სახეობის ფრინველებს, მათი მიგრაციის მარშრუტებს და მტაცებელი ფრინველების მიგრაციის გათვალისწინებით გეგმავენ სამომავლო მოგზაურობის ადგილებს.
გამოფენის მთავარი მიზანია ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო კონსერვაციის პროექტების მხარდაჭერა. Global Birdfair 2025-ს ყოველწლიურად 24 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.