პოლიციამ ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

24 ივლისი 2025, 10:49 633 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა - ტარება და განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივლისს ღამის საათებში, ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ფ.ქ. და ი.გ. ბრალდებულის სახით დააკავა.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში