გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩიდან

25 ივლისი 2025, 20:02 165 ნახვა

თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე რჩება იქ მცხოვრებთა ნაწილი. საუბარია იმ პირებზე, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. იქ, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.  როგორც მან თქვა, გარდა იმისა რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა, გამოსახლების საფუძველი არის სამხარაულის ბიუროს დასკვნაც, რომლის მიხედვით ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია და შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.

როგორც თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, მას 3 თვეში ქირის სახით მხოლოდ 700 ლარი შესთავაზეს, თუმცა, არავის განუმარტავს, როგორ უნდა იარსებონ მომდევნო თვეების განმავლობაში. მოქალაქეების განცხადებით, გამოსახლებულთა ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. 

თვალჭრელიძის ქუჩაზე, პოლიციამ 17 პირი დააკავა, ისინი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. გამოსახლების შემთხვევას პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გამოსახლების გადაწყვეტილება იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის  მოულოდნელი არ იყო და მათთან მოლაპარაკებას ხელისუფლება  დიდი ხნის წინ ცდილობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში