საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა

26 ივლისი 2025, 17:26 147 ნახვა

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა. სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა. ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.

 

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით - ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“.

 

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში