პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება - თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2025, 11:45 108 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი დღეს არ საჯაროვდება, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა დასკვნით სხდომაზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება.

ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები დასკვნის პროექტს განიხილავენ და შემდეგ დაამტკიცებენ.

„საზოგადოებას ალბათ ძალიან აინტერესებს პროცედურული საკითხი. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, დღეს კენჭისყრაზე დავაყენებთ ამ დასკვნის პროექტს, მაგრამ დასკვნა დღეს არ საჯაროვდება.

პროცედურა არის შემდეგი. ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება ხვალ, 5 აგვისტოს, ექვსი თვის თავზე. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ექვსი თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების მასშტაბი, ძალიან დიდი დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება, იფიქრო, რომ ექვსი თვე რატომ არის საკმარისი, რათა ეს თემა ამოწურო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კანონი გვავალდებულებს, რომ ექვს თვეში დავასრულოთ მუშაობა. ამიტომ, ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება და ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო. ბიურო ჩანიშნავს პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ, კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება. უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს. ვიდრე არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან ამ დასკვნაზე მსჯელობას. ასეთია წესი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დასამტკიცებლად, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე განმარტა, რას დაეფუძნენ დასკვნის შედგენის დროს და რა პრინციპით მუშაობდნენ.

„მინდა, შევაჯამო ის ეტაპები, რომლებიც ყველამ ერთად გავიარეთ. 5 თებერვლის შემდეგ დღევანდელი სხდომის ჩათვლით ჩვენ გავმართეთ 46 სხდომა, გამოვკითხეთ 139 პირი, მათ შორის ორჯერ გამოიკითხა ოთხი პირი. ერთი გასვლითი შეკრება, ვიზიტი გვქონდა ხონში, სადაც მოვინახულეთ ყოფილი მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულება. დასკვნის შედგენის დროს დავეფუძნეთ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, რომელთა ოდენობაც, დღეის მდგომარეობით, არის 775, განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციებსა და ფაქტებს. ასევე ჩვენ შევისწავლეთ ყველა საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, რომელიც ეხებოდა საკვლევ თემებს მოცემულ პერიოდში. დასკვნის შედგენისას ასევე დავეფუძნეთ ეროვნული, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომლებიც გამოცემული იყო მოცემულ პერიოდში და საკვლევ საკითხებს ეხებოდა. დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების რაოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვლი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით“.

„ამ დოკუმენტს როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდებიც გაეცნობიან მას. დასკვნაში არ არის მხოლოდ რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები, არამედ დოკუმენტში თავმოყრილია, ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები, ინფორმაციები. ეს არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება. იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამის სასამართლოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ნამდვილი ანალიზი, კვლევა აწარმოონ და თავიანთი სამშობლოს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენონ. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, გაძლიერება სჭირდება და ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი