ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა აქტივისტმა პერფორმანსი მოაწყო.
აქტივისტს სახეზე ბანერი ჰქონდა წარწერით – „თითოეულის პასუხისმგებლობაა, არ გავჩუმდეთ!“.
სასამართლოსთან მივიდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. გაშლილი აქვთ ჟურნალისტის მხარდამჭერი ბანერები. ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას!“
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.
სასამართლო პროცესზე დასასწრებად სასამართლოსთან საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.