მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

04 აგვისტო 2025, 13:45 133 ნახვა

მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან, სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.

ხშირად ვხედავ მარცხნივ საელჩოებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად არ აღმიქვამს. ისინი აქ ჩვენი მომავლის, ღირებულებების, ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მარტო არ ვართ და დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში გვერდით გვყვანან. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს.

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს თქვენთან რომ არ ვარ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში სოლიდარობა გამოუცხადა ნინო დათაშვილს და განაცხადა, რომ სჯერა, ნინო დათაშვილი ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

"ნინო დათაშვილი აქტივისტი, სინდისის პატიმარი და მარტოხელა დედაა. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, ისეთ იზოლირებულ დაწესებულებაში ვარ, შემთხვევითაც ვერ შევხდები. მას ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს პროკურატურა. სრულიად ჩამოვიშალე, გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ, კარგად არის ყველაფერი”. მჯერა, ნინო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება და რეჟიმიც საკადრის პასუხს მიიღებს"- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

სასამართლოს მიმდინარეობისას, ადვოკატმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა გადასცა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით წერია, რომ ერთ თვალში პრაქტიკულად არ აქვს მხედველობა.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი