დღეს შუახევის ხეობაში განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით, ჩვენს სახალხო დღესასწაულს. მოგეხსენებათ ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხში, "შუამთობის" სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სულხან თამაზაშვილმა, მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
"წელს შუახევის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით ჩვენს სახალხო დღესასწაულს. მოგეხსენებათ ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით.
პროექტში მონაწილეობა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ. პროექტის ჯამურმა ღირებულება შეადგინა 9 მილიონი ლარი. ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას და რა თქმა უნდა ჩვენ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.
რა თქმა უნდა, ჩვენ რეგიონში გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საერთო ჯამში და განავითარებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ამდენი ადამიანი შევგროვდით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენს ტრადიციებს. ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ღირსებით მოგვიტანა. ჩვენი მოვალეობაა ასეთივე ღირსებით შევუნარჩუნოთ და გადავცეთ ისინი ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს. ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობას მოგახსენებთ და გილოცავთ ,,შუამთობის'' დღესასწაულს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ზიპლაინის სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.