დეფიციტურ სპეციალობებში სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

04 აგვისტო 2025, 17:18 137 ნახვა

უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა. ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი, გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.

„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც, რეალურად, შეეხება ახალი ნორმები. მათ თუ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. ამისთვის აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებს, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო ამ მიმართულებით გააგრძელებს ბრძოლას იმ გამოწვევებთან, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი, რათა საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

„ფსიქიატრია; რადიაციული ონკოლოგია; ბავშვთა გასტროენტეროლოგია; პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია; ბირთვული მედიცინა; კარდიოქირურგია; ნეიროქირურგია; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია; ნეფროლოგია; გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა ინფექციური სნეულებები; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია; ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია; პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია; ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია; რევმატოლოგია; სასამართლო მედიცინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი