თურქი მხატვრის გამოფენა

04 აგვისტო 2025, 17:58 115 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, მუზეუმი თურქი მხატვრის ემრე აჯარის პერსონალურ გამოფენას - ,,ჩრდილები სიბნელეში“ მასპინძლობს.

ახალგაზრდა მხატვარს ნამუშევრებში ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა, ტრავმული პროცესები აქვს ასახული, თუ რას განიცდის ადამიანი  ოჯახში ძალადობის, უბედური შემთხვევების, სიკვდილის, სერიოზული დაავადებების შედეგად.

მხატვარი ქმნის ემოციურად დატვირთულ პორტრეტულ ფიგურებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ნამუშევრებში გამოსახულ სახეებს წარსულის ან აწმყოს ნეგატიური კვალი ამჩნევია, მათი ისტორია თითქოს ღია რჩება, რომელშიც მნახველს საშუალება ეძლევა, მასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოიტანოს. ნამუშევრები მუზეუმში 10 აგვისტომდე დარჩება.  

ემრე აჯარი დაიბადა 1998 წელს თურქეთის ქალაქ კასთამონუში. 2015 წელს დაამთავრა მხატვარ საით ჩივჯიოღლუს სახელოსნო.

2020 წელს კი ,,ონდოკუზ მაისის’’ უნივერსიტეტის ხელოვნების განათლების ფაკულტეტი, ამჟამად ის იმავე უნივერსიტეტში ხელოვნების განათლების მაგისტრატურაზე სწავლობს და სადიპლომო ნაშრომს იცავს.

მხატვარი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში და აგრძელებს მუშაობას სტამბოლში, საკუთარ სახელოსნოში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი