შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი" და „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.