საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი, ასე იშოვა ფული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დადასტურდა ისიც, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია.
მისი თქმით, საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ თუ ნებისმიერ დონეზე დადასტურდა მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.
„დადასტურდა, რომ „ლელო“ არის თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, ბიუჯეტიდან მიეთვისებინა თანხები. მისმა წევრებმა და მხარდამჭერებმაც უნდა იფიქრონ, რომ არიან თაღლითოობის მონაწილეები. რაც შეეხება ხელშეკრულებას გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და უკვე ჰქონდა პარლამენტის მანდატი დახეული. ყველანაირი განსაზღვრებით, ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. მე პირადად გერმანიის მთავრობის პროგრამაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, ჩვენ თავდაპირველად შეზღუდული გვქონდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ხელშეკრულების დადება, შემდეგ კი საერთოდ აკრძალული გვქონდა ხელშეკრულების დადება, ვინაიდან ამ დროს არსებობს კორუფციული რისკები. ეს ან განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა, რომ არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარია, რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია გადასახადების დამალვის სკანდალში. გარდა ამისა, დღეს გაირკვა, რომ ქონების დეკლარაციაში, რომელიც ხაზარაძემ იანვარში შეავსო, მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან, არ აქვს მითითებული არც ხელშეკრულება. ესეც აჩვენებს კიდევ ერთ ტყუილს, რომელიც ჩაიდინა. ასე რომ, ახლა გერმანიის ელჩისა და გერმანიის სახელმწიფოს მიმართ კითხვა არის მარტივი, რას აპირებს ახლა, აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან? შემდეგ აპირებს, რომ ქართველ ხალხს რაიმე მორალური პედესტალიდან გვესაუბროს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბანკირს, რომლესაც ნახევარი საქართველოს მისი ვალი ჰქონდა და ერთი დღე არ აპატიებდა ვინმეს, რომ სესხი გადაეცილებინა, ამ ადამიანმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი მისი გადასახდელი იყო?! მართლა ფიქრობს რომ ქართველები სულელები არიან?! ფაქტი მარტივია - მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითობა გამოაშკარავდა.