აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში, თანამედროვე სტანდარტების, 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურევაბა. ასევე, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასკვნით ეტაპზეა ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. ამ ეტაპზე რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დამატებით 15 200-მდე აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება.
კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც შპს ,,გოდერძი რეზორტი", კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.