ამ ქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ყოველთვის შეახსენებენ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია - ილია მეორე

07 აგვისტო 2025, 13:24 112 ნახვა

ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში.

კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ აღევლინება ლოცვები ელდარ შენგელაიასთვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს.

„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.

ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამ ქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.

ბატონმა ელდარმა, ისევე, როგორც ათეისტურ პერიოდ-გამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი